ბოლო გადამწყვეტი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ისტორიული გადაწყვეტილების წინ ქართული დელეგაცია სკეპტიკოსი ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დეპუტატები სკანდინავიის ქვეყნებში იწყებენ ვიზიტს. გავრცელებული ინფორმაციით, დანიას, ფინეთს და შვედეთს საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციები ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ, ამიტომ ქართული დელეგაციის წევრებმა სამივე ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე შესრულებული სამუშაოები პირადად უნდა გააცნონ და დაარწმუნონ, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის ფონზე პოლიტიკური დიალოგი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტი ნორვეგიიდან დაიწყო, სადაც შეხვედრები უკვე დასრულებულია. ევროკავშირის კანდიდატობის გარდა ოსლოში დღის წესრიგის მთავარი თემა თვის ბოლოს ნატოს მადრიდის სამიტი იყო. ქართულმა მხარემ სამიტზე მისაღებ კომუნიკეში საქართველოსთვის მკაფიო გეგმის გაწერის მხარდაჭერა ითხოვა.
„მოამბე“ ნორვეგიიდან, – ოსლოში გამართულ შეხვედრებს თეონა მანაგაძე აშუქებს.