საპარლამენტო არჩევნები 2024 - საერთაშორისო დამკვირვებლები დასკვნას ხვალ წარადგენენ
1 700-ზე მეტი დამკვირვებელი 76 საერთაშორისო ორგანიზაციიდან: საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია. ქვეყანაში მყოფი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მისიები ხმის მიცემის პროცესს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. ყველაზე დიდი, 683-კაციანი მისიით ეუთო-ოდირის ოფისია წარმოდგენილი. საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჰყავს ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსაც. საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა საქართველოში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები, არჩევნებზე მონიტორინგს აწარმოებენ საელჩოების წარმომადგენლებიც.
როგორ შეაფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები დღევანდელ არჩევნებს – წინასწარი დასკვნები და შეფასებები ხვალ გვეცოდინება. წინასწარ ანგარიშებში შეფასებული იქნება არა მხოლოდ დღევანდელი კენჭისყრის პროცესი, არამედ არჩევნებამდე არსებული ვითარება და მედია-გარემო. ბუნებრივია, დასკვნებში დამკვირვებლები დაეყრდნობიან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულ მონაცემებსაც. რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს – ზეპირ განცხადებებში საერთაშორისო დამკვირვებლებს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ, განსაკუთრებული აქცენტი ხმის მიცემის ახალ ფორმაზე, ანუ ელექტრონულ წესზე კეთდება, რაც შედეგების სანდოობის მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად და პროგრესად ფასდება.