ვითარება კონფლიქტის ზონაში. მთიანი ყარაბაღის ახალი ომი გრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან და იგზავნება დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჩანს, რომ სომხებმა გაანადგურეს მეჩეთები და ისტორიული ძეგლები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაბალის, ერთი კი, ქურდამირის მიმართულებით გაუშვეს. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სიაზანის რაიონსაც, სადაც სამი რაკეტა ჩამოვარდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მძიმე ბრძოლები ფრონტის ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარეობს და ხდება მოწინააღმდეგის სხვადასხვა ჯგუფების განეიტრალება. სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეღწევა სცადა, რომელიც მოგერიებული იქნა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურა განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის გაბალის და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. სომხეთის პრეზიდენტი კი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს და რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ის ღრმად არის შეშფოთებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. სტოლტენბერგმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.