კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით დანიაში იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილეც. სამუშაო შეხვედრა ბეილერის ფონდისა და ლუიზიანას მუზეუმის წარმომადგენლებთან გაიმართა. მხარეებმა ფიროსმანის ფერწერული ტილოების კონსერვაცია-რესტავრაციისა და მუზეუმის თანამშრომელთა გადამზადების საკითხები განიხილეს. ნაჩვენები იყო ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვებგვერდის დემოვერსიაც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, 4 მაისს დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს. დანიის შემდეგ, გამოფენას 4 თვის განმავლობაში შვეიცარია უმასპინძლებს.