პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას განაგრძობს. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემაჯამებელ შეხვედრას მართავს, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მსჯელობენ.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს „ქართული ოცნება“ ჯგუფის წევრებს წარუდგენს. ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი ფართოვდება და მისი უფლებამოსილება ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ყველა პუნქტზე გავრცელდება. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური გარანტიები იზრდება. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ამ ორი სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით რეალური ნაბიჯების გადადგმას არ ელოდება.