დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალი ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის არჩევას სექტემბრის დასაწყისისთვის გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა პარლამენტის წევრებს, რომლებიც პარტიის გეგმების შესახებ არიან ინფორმირებულები. ბორის ჯონსონი, რომელმაც „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა, ახალი ლიდერის არჩევამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს. რამდენიმე კანდიდატმა უკვე გამოთქვა სურვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით. პირველი იყო გენერალური პროკურორი სუელა ბრეივერმანი.
ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გასული ორი დღის განმავლობაში მისი კაბინეტი პროტესტის ნიშნად 60-მდე წევრმა დატოვა. საქმე ეხება „კონსერვატიული პარტიის“ საპარლამენტო მდივნის მოადგილე, კრის პინჩერის წინააღმდეგ სამი წლის წინანდელ საჩივარს, რომელშიც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. როგორც აღმოჩნდა, ჯონსონი საჩივრის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ამის მიუხედავად, პინჩერი თანამდებობაზე მაინც დაინიშნა.