საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

ქვეყანა სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში.

ახლა მთავარი კითხვაა, როგორ დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი. კულუარებში უკვე საუბრობენ იმ მინისტრებზე, რომლებსაც დიდი ალბათობით პოსტების დატოვება მოუწევთ. სახელდება მათი სავარაუდო შემცვლელების ვინაობაც. რამდენიმე მათგანი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, რაც არაოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის, რადგან ახალი პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან მიდის.

არჩევნებამდე ცხრა თვით ადრე და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებიდან ერთ თვეში მომხდარმა საკადრო ცვლილებებმა ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა. სანამ ოპოზიცია მთავრობის მეთაურის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის უკვე მეორედ წასვლის ვერსიებს განიხილავს, მანამდე მმართველი გუნდი ყრილობისთვის ემზადება. პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მის წინამორბედს და ახლა უკვე პრემიერობის კანდიდატს კი საკუთარი გუნდის წარსადგენად ცოტა დრო ექნება. როგორც დღეს ირკვევა, პარლამენტი ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას მომავალ კვირას გეგმავს.