ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება

ბორის ჯონსონი კარიბის ზღვის კუნძულების შვებულებიდან ბრუნდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 22 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შეხვედრას გეგმავს. „ტელეგრაფი“ წერს, რომ „ლეიბორისტების“ ჰაროლდ ვილსონის და მანამდე, უინსტონ ჩერჩილის შემდეგ, თანამდებობის დატოვების მერე, არცერთი პრემიერ-მინისტრი მეორედ არ დაბრუნებულა. „კონსერვატორების“ ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონის პერსპექტივა ტორების პარტიის ლიდერობის რბოლის ფინალურ ეტაპზე უნდა იქნას მიღებული „ძალიან სერიოზულად“.  ვებგვერდ „ქონსერვატივ ჰოუმის“ დამფუძნებელი, ტიმ მონტგომერი ამბობს, რომ ბორის ჯონსონს არამხოლოდ 100 დეპუტატის, არამედ 140-მდე კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია. კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძვიან, მინიმუმ 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.