პარლამენტი პრემიერობის ახალი კანდიდატის მოსასმენად ემზადება. ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდზეა გათვლილი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაცია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა – ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია. პრიორიტეტების ჩამონათვალშია ასევე დასაქმების ხელშეწყობა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკის სტიმულირება და ინვესტიციების მოზიდვა. პრემიერობის კანდიდატი, განახლებული მთავრობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტმა 8 თებერვალს უნდა დაამტკიცოს. განხილვების პროცესში ჩაერთვება ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ახალ სამთავრობო გუნდს მხარს არ დაუჭერენ. მთავრობის განახლებული გუნდის დამტკიცებას, საკანონმდებლო ორგანოში 76 ხმა სჭირდება, რაც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც აქვს.