სამოქალაქო არეულობის საქმე

რა ეტაპზეა სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიება – დეტალებზე მედიასთან უწყების ხელმძღვანელს არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ პროცესი აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება თბილისში გამართული სემინარის მონაწილეებს, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, ვერც ერთი გამოკითხული ვერ უარყოფს იმ ვიდეო კადრების შინაარსს, რომელიც სუს-მა ტრენინგის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ გაავრცელა. როგორც ირკვევა, არეულობის საქმეზე დაწყებული გამოძიება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გუშინ პარლამენტში, თუმცა იმ ინფორმაციის მიუხედავად, რაც ლილუაშვილმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში მიაწოდა, ოპოზიცია გამოძიებას მაინც უნდობლობას უცხადებს. მმართველი გუნდი კი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რადიკალური ძალები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ, განმარტებებს სემინარის ორგანიზატორი იუესეიდისგან ისევ ელოდება.