სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას, სავარაუდოდ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც შეძლებენ. ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში“ შედის. ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება ერთჯერადად პროფესიული სასწავლებლის მხოლოდ სადიპლომო პროგრამის სტუდენტებს შეეხებათ. კანონპროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა. დოკუმენტი პირველი მოსმენით განათლების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტთან შენიშვნები აქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და კენჭისყრა გადადეს. კომიტეტის წევრები და კანონპროექტის ინიციატორები შეთანხმდნენ, რომ კენჭისყრაზე ისეთ შეჯერებულ დოკუმენტს წარადგენენ, რომელიც წვევამდელების გაწვევის პროცესში არ გამოიწვევს რყევებს. დღეს მოქმედი კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია.