16 წლის ბიჭის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული მოკვლევის შედეგი ცნობილია. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ექვსი ექიმის პასუხისმგებლობას ხედავს. საუბარია პაციენტ ლუკა ფოფხაძეზე, რომელიც რეანომობილით ამბროლაურის საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დასკვნის მიხედვით, რეანომობილში ჟანგბადის სისტემა გაუმართავი იყო, იქ მყოფ ექიმს კი რეანიმაციისთვის საჭირო კვალიფიკაცია არ ჰქონდა. მოკვლევის შედეგი გარდაცვლილის ოჯახმა „მოამბეს“ ექსკლუზიურად მიაწოდა. პარალელურად საქმეზე გამოძიება გრძელდება.