სავარაუდო თაღლითობის ფაქტი გოგელიას კლინიკაში

35-მდე მოქალაქემ ამ წუთამდე არ იცის, რა პრეპარატით აცრეს დღეს დილით.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში სამართალდამცავები მუშაობენ. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გამოიყენეს თუ არა მოქალაქეების ასაცრელად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი, როგორც ამას თავად კლინიკაში ამტკიცებენ, თუ საქმე გვაქვს სრულიად სხვა ნივთიერებასთან. გადაყრილი დოკუმენტაცია, ამპულები და გაქცეული პერსონალი – ასეთი სურათი დახვდათ ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოძახების შემდეგ მისულ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს. საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა. ირკვევა, რომ პოლიკლინიკას ვაქცინაციის უფლება საერთოდ არ ჰქონდა, ექიმ გიორგი ჩენდლერს კი, რომელიც აცრებს უშუალოდ ატარებდა, სამედიცინო საქმიანობის უფლება უკვე ერთი წელია შეჩერებული აქვს და საკუთარი სერთიფიკატის გაყალბების გამო პირობითი სასჯელიც აქვს მისჯილი. დაზარალებულ მოქალაქეებს შორის პირველი არხის თანამშრომლებიც არიან.

კიდევ ერთი მთავარი დეტალი – ამავე კლინიკაში კოვიდ-ტესტებსაც ატარებენ.