ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
წერილს აქვეყნებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოც: „თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
სამძიმრის წერილის აქვეყნებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროც: „საქართველო გლოვობს ტრაგიკულად დაღუპულ და მძიმედ დაზიანებულ ადამიანებს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას ამ მწუხარების ჟამს“, – ვკითხულობთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს: „ძალიან ვწუხვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ ქართველი ერის ტკივილს“, – წერს სვენ მიკსერი „ტვიტერში“.
დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი: „მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- წერს ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე.
დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს საქართველოში საფრანგეთის ელჩი: „საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება გლოვას შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, პატივისცემას გამოვხატავთ მაშველების უწყვეტ მუშაობასთან დაკავშირებით“, – წერია სამძიმრის წერილში.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში: „გულით ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ყველა მათგანს, ვინც დაზარალდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის შედეგად“ – ვკითხულობთ დიპლომატის განცხადებაში.
ქართველ ხალხს უსამძიმრებს საქართველოში რუმინეთის ელჩი: „გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ქართველ ხალხს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა“, – წერია სამძიმრის წერილში.