„სამართლიანი არჩევნების“ ბრიფინგი

არჩევნების დღეს „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ნინო დოლიძის თქმით, დაფიქსირებული საჩივრების ძირითადი ნაწილი დამკვირვებლების უფლების შეზღუდვას, ხმის ფარულობის და მარკირების პროცედურის დარღვევას  ეხებოდა.  „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდსა

და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება. დოლიძემ ასევე ისაუბრა პარალელური დათვლის  შედეგებთან დაკავშირებით, მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები არ ასახავდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებას და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო.