ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიური იყო ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების კამპანია – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ დღეს წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, ქალთა წარმომადგენლობა რეგისტრირებულ პარტიულ სიებში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო, საარჩევნო დავები და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ მეტი საარჩევნო უბნის შექმნა საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, თუმცა საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.