ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. „ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი.
სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ. „თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება“, – ნათქვამია სტატიაში.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობის დროს ის მუდამ საქართველოს ინტერესებს იცავდა.
„საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო.