Financial Times-ი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტატიას აქვეყნებს
Financial Times-ი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტატიას აქვეყნებს

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი.

სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ. „თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება“, – ნათქვამია სტატიაში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობის დროს ის მუდამ საქართველოს ინტერესებს იცავდა.

„საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო.

„არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმით, ის დიპლომატი „ცივი ომის“ პერიოდში გახდა და მიიჩნევს, რომ იგივე ბრძოლა ახლაც გრძელდება. მისი თქმით, კონფრონტაციული რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას და შუღლს თესავს.

„ევროპული ფესვების მქონე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან. მე ვიბრძოლებ დემოკრატიისთვის და შევეცდები, გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

მისივე განცხადებით, ფიცის დადების შემდეგ, შეეცდება, გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა ისე, როგორც ამას საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოითხოვს.

„მე პირობას ვდებ, რომ ვიქნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის გარანტორი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„ქართველების დიდი უმრავლესობა პროდასავლურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი პარტიულ პოლიტიკას სცდება“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.

ის ასევე პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება. ზურაბიშვილის თქმით, გააკეთებს მეტს, რათა უცხო ქვეყნებში განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ.

„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, პროგრესული დასავლური ღირებულებებით. ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მაგალითი მეზობლებისთვის. ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს აქვთ სახლი კავკასიაში. საქართველოს შეუძლია, იყოს ევროპის ლიბერალური იმედი“, – ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის წერილში, რომელსაც Financial Times აქვეყნებს.