პრეზიდენტის ბოლო გზავნილებმა ახალი მოლოდინი გააჩინა – სალომე ზურაბიშვილმა, შესაძლოა, პრეზიდენტობისთვის მეორედ იბრძოლოს. სახელმწიფოს მეთაურმა ამის ალბათობა დაუშვა და გუშინდელ შეხვედრაზე არც ის დამალა, რომ ახალგაზრდებისგან მისი კანდიდატურის დაყენება გაახარებს. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა წლის ბოლოს ეწურება.
7 წლის წინ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ – შესაბამისი უფლებამოსილება 300 ხმოსნისგან შემდგარ კოლეგიას ექნება. კანდიდატის წარდგენა არანაკლებ 30 ხმოსანს შეეძლება. ვის რამდენი კვოტა ექნება კოლეგიაში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს. მანამდე კი დღევანდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მმართველ გუნდთან დაპირისპირებული სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატურაა. მით უმეტეს ბოლო აქტივობებისა და ქმედებების გათვალისწინებით, რომლებსაც თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, წინა წლებისგან განსხვავებით, სრულად ეთანხმება და იწონებს. ბოლო ასეთი აქტივობა „ქართული ქარტიაა“, რომელსაც ახლა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის ხელმოწერა აქვს და რომელმაც მოქმედი პრეზიდენტის მომავალი პოლიტიკური გეგმები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.