საქართველოს პრეზიდენტი ხვალიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს იწყებს. მსჯელობის მთავარი საგანი „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პარტიებთან, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის შესაბამისი კადრი უკვე შერჩეული ჰყავს და ოპოზიციისთვის სწორედ ამ კანდიდატურის შეთავაზებას აპირებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის მიერ შერჩეული პირი კომპეტენტურია და პოლიტიკური წარსული არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი პრემიერ-მინისტრად თავად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დასახელდეს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. პრეზიდენტის ინტერვიუს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.