სალომე ზურაბიშვილის განცხადება - შეფასებები

დაუდასტურა თუ არა მხარდაჭერა პრეზიდენტის ქარტიას და მის ხელმომწერებს ევროკავშირის ელჩმა? – ამ კითხვაზე პასუხს მმართველი გუნდი პირადად პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირების შესახებ ბრიფინგზე თავად პრეზიდენტმა ისაუბრა, „ქართულ ოცნებაში“ დასტურს სწორედ დიპლომატისგან ელოდებიან. თუ პაველ ჰერჩინსკი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ღიად უჭერს მხარს, ეს მმართველი პარტიისთვის ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევის კიდევ ერთი გამოხატულებაა. საპირისპიროს ამბობენ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერები, რომლებიც ევროკავშირის ელჩს საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრად მიიჩნევენ. პარალელურად, ისევ გაურკვეველია როდის დაასახელებს პრეზიდენტი იმ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას, რომელმაც გარდამავალ ერთწლიან პერიოდში ქვეყანა უნდა მართოს. თემაზე ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა.