პრეზიდენტის ახალი როლი და 22 ხელმოწერა ქართულ ქარტიაზე.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური სპექტრისთვის შეთავაზებულ სამოქმედო გეგმას ინიცირებიდან ერთ კვირაში 17 პოლიტიკური პარტია და ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი შეუერთდა. ყველა ხელმომწერი იზიარებს სახელმწიფოს მეთაურის იდეას, რომ რეფერენდუმად მიჩნეულ საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის საგარეო კურსის ბედი წყდება. ერთობა ოპოზიციურ ფლანგზე და ამომრჩევლების, მათ შორის დიასპორის განსაკუთრებული აქტიურობა – ასე ესახება პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვების მიღწევა, რის შემდეგაც ოპოზიციურ სპექტრს მის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცების და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო რეფორმების გატარების დავალებას აძლევს. იდეურ ერთიანობას ხელისუფლების ოპონენტები ეთანხმებიან, თუმცა გაერთიანების შექმნაზე და ერთიან საარჩევნო სიაზე ვერ თანხმდებიან. ერთობისკენ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის და მისი ლიდერის აქტიური მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ნაწილს გასხვავებული ხედვა აქვს. ერთობის ფორმულა, რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციური ფლანგისთვის გამარჯვების გზაა, წინასწარ დაგეგმილი და მარცხისთვის განწირული პროექტია ხელისუფლებისთვის. არგუმენტად არცთუ შორეული წარსულის გამოცდილება სახელდება.