პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის გაჟღერებული კიდევ ერთი გზავნილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და მაქსიმალური მობილიზაციაა.
სახელმწიფოს მეთაურის აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მოწინააღმდეგეთა მთელი ძალისხმევა და ენერგია ახლა სწორედ საარჩევნო ყუთებისკენ და ხმების დაცვისკენ უნდა იყოს მომართული. თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზების პირობას დებს. ამ გზავნილების და რამდენიმე დღის წინ პოლიტიკოსებისთვის შეთავაზებული „ქართული ქარტიის“ გათვალისწინებით, პრეზიდენტს ოპოზიციური ერთობის სათავეში მოიაზრებენ. თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ახლა იმ ქარტიის ხელმოსაწერად ემზადება, რომელიც არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი დროებითი მთავრობის შექმნას, კონკრეტული რეფორმების გატარებას და რამდენიმე თვეში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.
სახელმწიფოს მეთაურის მოწოდებები წინასწარ მომზადებულ და გარე ძალებისგან მხარდაჭერილ სცენარად და რევოლუციურ გეგმად განიხილება მმართველ გუნდში.