ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. რამდენიმე საათის განმავლობაში, უსაფრთხოების გამო გადაკეტილი იყო ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი. თამარაშვილის ქუჩაზე კი ქარმა ბანერი წააქცია. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებზე მერიის, გამგეობებისა და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები მუშაობდნენ. ამ დროისთვის გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.