დღეს კენჭისყრა გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად. სასამართლოს პლენუმი 15 საათისთვის შეიკრიბება და კანდიდატთა მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩევს თავმჯდომარეს. რეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი. პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება და თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პლენუმის შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ ხუთი მოსამართლის მხარდაჭერას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები ვერ მოახერხებენ ხუთი ხმის მოპოვებას, ერთი თვის განმავლობაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.