საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ოპოზიციის, მედია-ორგანიზაციების და მესამე სექტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მუხლების მოქმედება არ შეჩერდება. ასეთია სასამართლოს დადგენილება, რომელსაც ორი მოსამართლე – გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში არ ეთანხმებიან. მათი მოსაზრებაა, რომ უცხოური გავლენის ინტერესების წარმომადგენლის სტატუსმა ორგანიზაციების რეპუტაცია შესაძლოა მკვეთრად დააზიანოს და საქმიანობაში ხელი შეუშალოს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოსარჩელეები კანონის იმ ნორმების მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური ძალის წარმომადგენლებად დარეგისტრირებას და შესაბამისი სტატუსის მიღებას ავალდებულებს და ორგანიზაციებში დაცული პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობას უშვებს. მოსარჩელე ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კონსტიტუციის ღალატში და მმართველი გუნდის დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციების ფონზე მიღებული კანონის გარშემო სამართლებრივი დავა გრძელდება – სარჩელების არსებითი განხილვა იწყება.