მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგნად რჩება პროტესტის ფონზე დამტკიცებული კანონი, რომელიც სექტემბრიდან არასამთავრობო სექტორს ახალ ვალდებულებებს დაუწესებს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი სარჩელია შეტანილი. პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლების მიერ მომზადებული სარჩელები სასამართლომ გააერთიანა – განხილვის პროცესი 29 აგვისტოს დაიწყება. მოსარჩელეები საკუთარ პოზიციას კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობით ასაბუთებს. თავის მხრივ მმართველი გუნდი ოპონენტებს და პრეზიდენტს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. რეგულაციას, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ შემოსავლების დეკლარირებას და უცხოური ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას სთხოვს, ჯერ ნებაყოფლობითი სახე აქვს. სექტემბრიდან კი ახალი წესის დაცვა სავალდებულო იქნება.