„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადაო კანონის წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებულ კანონს 122 მოსარჩელე ჰყავს. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური სპექტრის 38 დეპუტატი. კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას. საკითხზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები.