საკონსტიტუციო ცვლილების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესზე უარის თქმის შემდეგ, შესაძლოა, სადავო გახდეს საარჩევნო ბარიერის საკითხი. ამ დრომდე ხელისუფლება და ოპოზიცია ბარიერის 2%-მდე დაწევაზე შეთანხმებული იყო და სწორედ ამ ფორმულირებით მიიღო პარლამენტმა ორი დღის წინ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით. 2%-ია ჩაწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაშიც. თუმცა, მმართველი გუნდი მეორე მოსმენის დროს საკითხზე მსჯელობას და ბარიერის აწევას არ გამორიცხავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი აპროტესტებს.
ბარიერის შესაძლო გაზრდით უკმაყოფილოები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრებიან. პროექტის დამტკიცებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 ხმა სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. ოპოზიციის ნაწილს პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.