საპროტესტო აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციები და რისკები – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია, საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ: პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას. აღნიშნული იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. ამ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, – წერია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.