სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის მზადებაშია მხილებული.

სუს-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სოსო გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების აფეთქებას გეგმავდა. გამოძიების მტკიცებით, შერჩეული იყო დანაშაულის ადგილიც – დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ზემო მაჩხაანი, გოგაშვილის მამის საფლავი. ქვეყნდება 9-წუთიანი აუდიო-ჩანაწერიც, სადაც, სუს-ის ინფორმაციით, დიალოგი მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმისშვილს შორის მიმდინარეობს.

ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, მაჩალიკაშვილი ძმისშვილს, გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტის შესწავლას, ასევე მაჩხაანში ჩასვლას, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მამის საფლავის ადგილმდებარეობის დადგენას და ტერიტორიის დათვალიერებას ავალებს. გამოძიების მიხედვით, ფარული ჩანაწერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდანაა  მოპოვებული.

მორის მაჩალიკაშვილი უკვე დაკითხეს. დაბარების მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა.