სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა დღეს ვერ მოხერხდა.

ხელისუფლების და ოპოზიციის დღევანდელი კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე შეჯერებული პოზიცია გააცნო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორივე მხრიდან კანდიდატურების ჩამონათვალი დავიწროვდა. დიალოგი პარასკევს გაგრძელდება. მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების მხარდაჭერას ულტიმატუმად და პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს. სწორედ მესამე სექტორის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ორის – ანა აბაშიძის და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურების განხილვას მმართველი გუნდი საერთოდ გამორიცხავს.