ომბუდსმენის შერჩევის პროცედურა გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო არასამთავრობოების მხრიდან ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა. მათივე თქმით, არჩევანს მათგან ერთ-ერთზე გააკეთებენ. პარალელურად, მიმდინარეობს 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალურად შესაფასებლად დოკუმენტაციის შესწავლა. სპეციალური კომისიის წევრები, ყველა მსურველს ოთხი კრიტერიუმის: რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენენ. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება. შესაბამისად, დეპუტატებს კონსენსუსის მისაღწევად და ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, მხოლოდ 2 თვე დარჩათ. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას, რეგლამენტის მიხედვით, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, ამიტომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის 6 წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ.