გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველი ეხმაურება და მას უარყოფითად აფასებს. „გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.