საია საგარეო უწყებას მიმართავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე საგარეო უწყებას წერილობით მიმართავს, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი შეიქმნას. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, თუმცა რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვა უწყებებთან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, საერთაშორისო დონეზე უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. საია მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განახორციელოს დამატებითი ღონისძიებები, რათა საკითხი დადგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და დაცული იყოს დაზარალებული მოსახლეობის უფლებები.