საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებაში საია გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე. საია-ს თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ეროვნული კატეგორიის ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად საქმე გვაქვს არა კონკრეტულ ხარვეზებთან, არამედ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან სააგენტომ თვალი არ მიადევნა ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს.
საპასუხო პოზიციისთვის, „მოამბე“ დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორს. ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა რომ თუ გამოძიება დაიწყება, სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს უწყებასთან. რაც შეეხება ძეგლის დაზიანებას, იგი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე ეხება ხარვეზებს, რომელთა გამოსწორებაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.