საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას მოითხოვს.
კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში, საია დაიცავს. სარჩელთან დაკავშირებით, დღეს ორგანიზაციის ბათუმის ოფისში, პრესკონფერენცია საია-ს თავმჯდომარემ, ნათია კაპანაძესთან ერთად გამართა. პრესკონფერენციაზე გაჟღერდა ის არგუმენტებიც, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება.
სულხან სალაძემ არ გამორიცხა, რომ პროცესები, რომლებიც კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა, მართული იყო გარკვეული ძალების მხრიდან და მაგალითად ოპერატორების გაფიცვა მოიყვანა, რომელიც კაპანაძის გადაყენებისთანავე შეწყდა, რაც გადაღებაზე მყოფმა ოპერატორმა გააპროტესტა.