მესამე სექტორისთვის გათვალისწინებული გეგმა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დავის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება. რამდენად მიზანშეწონილია არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და რამდენად თავსებადია ინიციატივა დემოკრატიულ პროცესთან – ოპონენტების კითხვებისა და კრიტიკის საპასუხოდ, ხელისუფლება პოზიციას საერთაშორისო პრაქტიკით იმყარებს.
მთავარი არგუმენტი იმ უცხოური დონორი ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებიც წლებია, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას აფინანსებენ. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამა მომავალი წლიდან ამოქმედდება, გრანტები კი კონკურსის გზით გაიცემა.
შეთავაზების ადრესატთა ნაწილი ინიციატივას უარით პასუხობს. ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, არც მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით სარგებლობას აპირებენ.