ფინეთში გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები. ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტთან და ფინელ კოლეგასთან შეხვედრების შემდეგ, ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა ფინეთის პარლამენტის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე ევროკავშირის საკითხებში პარლამენტის დიდი კომიტეტის წევრებთან. ფინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ.