საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგს ეწვევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება. ამასთან, განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა კოლეგა მინისტრთანაც. მანამდე კი ილია დარჩიაშვილი იტალიაში იმყოფებოდა, შედეგად საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას, უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას საგარეო საქმეთა მინისტრები გაუწევენ. ყოველი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკეც.