„ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო,“ – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოჩენას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლა და სიტყვით გამოსვლა შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
მმართველი გუნდის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის აქციაზე მათი გამოჩენა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეურაცხყოფაა. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.