საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე მეორედ გახანგრძლივდა.

ასეთი რეჟიმი 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. შენარჩუნდა ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც – მსუბუქი მანქანებით მოძრაობა 27 აპრილამდე იკრძალება. ძალაში რჩება ოთხი დიდი ქალაქის – თბილისის, რუსთავის, ქუთაისის და ბათუმის – ჩაკეტვის გადაწყვეტილებაც. პარასკევს გახდება ცნობილი, რომელი შეზღუდვების მოხსნა დაიწყება ეტაპობრივად. ამ დღესვე უნდა გამოქვეყნდეს ორი გეგმა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებას. შემდეგი ორი-სამი კვირა გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, თუ როგორ გადაივლის ქვეყანა პიკს და შენარჩუნდება თუ არა ახალი შემთხვევების ისეთი ზომიერი ზრდა, როგორიც დღესაა – ასეთია ეპიდემიოლოგების პროგნოზი. კორონავირუსის შიდა გავრცელების მატების მოლოდინში ისინი ხანმოკლე დროით მკაცრი შეზღუდვების შენარჩუნებას ემხრობიან.