პარლამენტს ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებული ორი სხვადასხვა დასკვნის განხილვა მოუწევს.
სამთვიანი მუშაობის და მოწმეების დაკითხვის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი უმრავლესობისთვის მიუღებელია. მმართველი გუნდი საკუთარი ვარიანტის გამოსაქვეყნებლად ემზადება. დასკვნა, რომელიც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით მყოფმა უმცირესობამ წარმოადგინა, გამოძიების პროცესში გამოვლენილ არაერთ ხარვეზს მოიცავს.
ოპოზიციის მტკიცებით, დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები გახმაურებული დანაშაულის უშუალო მონაწილის მ.კ-ს და ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მირზა სუბელიანის მიმართ. ამავე დასკვნით, ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომ მ.კ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს.
დოკუმენტის ავტორების მტკიცებით, მოზარდი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა და ხელში კონკრეტული საგანი ეკავა.