რაჭაში მომხდარი სტიქიის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაც რჩება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ როდესაც საგამოძიებო უწყებების მიმართ ნდობა დაბალია, აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო კომისია და იმ შემთხევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამაზე უარს იტყვის, მას პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. მმართველი გუნდი ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და გამოძიების მსვლელობისას საპარლამენტო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კომისიის შექმნის საკითხს ოპოზიციის ნაწილიც არ ემხრობა.