საგამოძიებო კომისიის ინიციატივა

ხუთი ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესასწავლად საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ეკუთვნის. წინადადების მხარდასაჭერად და კომისიის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 50 ხმის შეგროვება არის საჭირო, რისი პრობლემაც 66 ხმის მქონე ოპოზიციას არ ექნება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის ჩაშლის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები სწორედ კომისიის გზით ეცდებიან გაარკვიონ, რატომ ვერ მოახერხა შსს-მ 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მედიაზე მასობრივი ძალადობის აღკვეთა, რატომ ვერ გაატარა წინასწარი მუქარის შემცველი გზავნილების და მოწოდების ფონზე პრევენციული ზომები და რატომ არ არიან დაკავებულები ძალადობის ორგანიზატორები. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ტემპებით უკმაყოფილოა, მმართველი გუნდი კი ძიების დასრულებამდე საპარლამენტო კომისიის შექმნას ნაადრევად მიიჩნევს.