საგამოძიებო კომისია პარლამენტში

პარტია „საქართველოსთვის“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კომისიის შემადგენლობაში არ იქნება. როგორც გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, პარტია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის საგამოძიებო კომისიის შექმნის შემაფერხებელი არ გახდება. შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციას ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შოვის ტრაგედიაზე მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გაეცეს. მმართველი გუნდი კი შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და ოპოზიციას ტრაგედიის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს.