დღეიდან პარლამენტი პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობების საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. 84 ხმით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მხარდაჭერილია.
კენჭისყრას არ დასწრებია „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც კომისიის ფორმირებას დილიდან ითხოვდა.
პროცედურის დაწყების წინ ფრაქციის წევრებმა მოულოდნელად სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმაურიანი პოლიტიკური დებატები უძღოდა წინ, რა დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ტრიბუნა ხელისუფლების მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენეს და მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს. პასუხად, მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტები გახმაურებული დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და გირგვლიანის მკვლელობა შეახსენეს.