„რა რეფორმები უნდა გატარდეს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად“ – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ – საქართველო“ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე, იმ ცხრა პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად საკუთარი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.