საქართველო საქმიანი ტურიზმის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმს M&I Tbilisi – 2024-ს მასპინძლობს. ფორუმის ოფიციალურ გახსნაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში გამართავს 40-მდე გარანტირებულ შეხვედრას პოტენციურ დამკვეთებთან. საქართველო ფორუმის ჩატარების ადგილად დიდი კონკურენციის შედეგად შეირჩა. ფორუმის ორგანიზატორების მხრიდან განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ტურისტული პროდუქტი, პოტენციალი, ინფრასტრუქტურა, საავიაციო კავშირი, ძლიერი კერძო სექტორი, ქვეყნის უსაფრთხოება, რეპუტაცია, ცნობადობა და სხვა. M&I Forum-ის ფარგლებში, საქართველოს ეწვია საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის 63 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი შეხვდებიან ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, აგრეთვე დაათვალიერებენ საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.