სადავო ფორმულირება ეუთო-ს რეზოლუციაში

საქართველოსთვის სკანდალური აღმოჩნდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესია.

ჩვენი ქვეყნის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა. პროტესტის მიზეზი გახდა შესწორება, რომელიც ოკუპირებული რეგიონების შესახებ მომზადდა, თუმცა საბოლოო ტექსტში აღარ მოხვდა. „თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება“, – რუსული პოზიციების გამამყარებელი ასეთი ფორმულირების გამო „ქართული ოცნების“ წევრები ამერიკული მხარის მიერ ინიცირებული შესაბამისი შესწორების უკან გაწვევას ჯერ კიდევ კომიტეტის სხდომაზე ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ მასზე უარი მხოლოდ პლენარული სხდომის მსვლელობისას ითქვა. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია რეზოლუციის ის ნაწილიც, რომელიც საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, გაზრდილ პოლარიზაციას და მწვავე პროტესტის ფონზე მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხება. დოკუმენტის ავტორები კანონს მწვავედ აკრიტიკებენ.